ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვმა დაადასტურა დე ფაქტო მთავრობის დათხოვნა

29 აგვისტო, 2020 • 1028
ბიბილოვმა დაადასტურა დე ფაქტო მთავრობის დათხოვნა

ცხინვალის იზოლატორში ახალგაზრდა კაცის სავარაუდოდ, ცემით მოკვლისა და ამის გამო საპროტესტო დემონსტრაციის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო პრემიერი და მთავრობა დაითხოვა.

ინფორმაცია წინა საღამოსვე გავრცელდა და 29 აგვისტოს დადასტურდა. როგორც დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ წერს, გამოქვეყნდა ბიბილოვის ბრძანება, რომლის თანახმადაც:

  • პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ერიკ პუხაევი, რომელმაც ამ მოთხოვნით ბიბილოვს 28 აგვისტოს მიმართა;
  • დათხოვნილ იქნა მთავრობა;
  • პუხაევი დროებით ჩაანაცვლა გენადი ბეკოევმა;
  • ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე არსებული მთავრობა შეასრულებს მოვალეობებს;

ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მეორე საგანგებო სესიაზე დეპუტატების უმრავლესობამ, — 36 წევრიდან 22-მა — ხელი მოაწერა მიმართვას ანატოლი ბიბილოვის სახელზე, რითაც დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის დათხოვნას მოითხოვენ.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის სათანადოდ შესრულებაზე არასათანადო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია დაკავებული მოქალაქის, ინალ სერგეის ძე ჯაბიევის გარდაცვალება, მოვითხოვთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადაყენებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ისინი ხელს აწერენ.

ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე გამოცემის თანახად, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ალან თადტაევი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიება მიმდინარეობს და „დანაშაულში მონაწილე თანამშრომლები დააკავეს“. სესიაზე თადტაევმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება „დანაშაულში მონაწილეთა დასჯის შესახებ“.


28 აგვისტოს დღის საათებში ფეისბუკზე სწრაფად გავრცელდა, სავარაუდოდ, ცემით მოკლული კაცის, ინალ ჯაბიევის ფოტოები. ცხინვალში მცხოვრებლები წერდნენ, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.

მისი გარდაცვალება ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ დაადასტურა, დე ფაქტო შს მინისტრს დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება და განაცხადა, რომ რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და „ყველა დამნაშავე დაისჯება“.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცი დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, ცხინვალში საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო, რასაც დე ფაქტო პრემიერის გადადგომა მოჰყვა. დემონსტრანტები ბიბილოვის და ჯაგაევის გადადგომასაც ითხოვდნენ.

საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

„ნეტგაზეთის“ მოკლე მიმოხილვაში წაიკითხავთ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას:

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი