ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დე ფაქტო პრემიერი გადადგა

28 აგვისტო, 2020 • 1268
ცხინვალში დე ფაქტო პრემიერი გადადგა

დღეს, 28 აგვისტორს ცხინვალში გამართული აქციის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა.

ერიკ ფუხაევი © სპუტნიკი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილი ჯაბიევის ფოტოები გავრცელდა. ფოტოები, სადაც გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, ცხინვალის  საავადმყოფოშია გადაღებული.

ოსური მედიის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. დე ფაქტო შს მინისტრს კი დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება.

ბიბილოვი აცხადებს, რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და “ყველა დამნაშავე დაისჯება”.

საპროტესტო აქციები ცხინვალში სწორედ მოქალაქის გარდაცვალების და ფოტოების გავრცელების შემდეგ დაიწყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერმა ერიკ ფუხაევმა განაცხადა:

“დღეს მე ვიყავი მოედანზე, მოვუსმინე ადამიანებს. მათი ნაწილი მთავრობის გადადგომას ითხოვდა. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა ფუხაევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი