თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, CinéDOC-Tbilisi 30 აგვისტოს გაიხსნება ქართველი რეჟისორების, ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმით “გვირაბი”.
Covid 19-ის პანდემიის გამო კინოფესტივალის მე-8 გამოშვება მაისის ნაცვლად 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
კინოჩვენებები მოეწყობა ღია ცის ქვეშ, ლისზე Cavea Drive-in კინოთეატრში, ჩვენებების ნაწილი კი- სასტუმრო “სტამბისა” და კავკასიური სახლის ტერიტორიაზე.
2020 წელს CinéDOC-Tbilisi-ის “სტუმარი ქვეყანა” ფინეთი იქნება, მაყურებელი ფინურ ფილმებთან ერთად შვეიცარიული ფილმების პროგრამას ნახავს.
წელს პირველად CinéDOC-Tbilisi-ს ონლაინ კინოჩვენებები ემატება. 23-30 სექტემბერს ფილმების ონლაინ ნახვას მაყურებელი კინოფესტივალის ვებგვერდზე, cinedoc-tbilisi.com-ზე შეძლებს.
CinéDOC-Tbilisi სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია, რომელიც თბილისში 2013 წლიდან ტარდება. ფესტივალი ევროკავშირის პროექტის, „კრეატიული ევროპის“ (Creative Europe) მხარდაჭერით ხორციელდება.