ახალი ამბები

დაიღუპა თურქი ადვოკატი, რომელიც 238 დღე შიმშილობდა

28 აგვისტო, 2020 • 2958
დაიღუპა თურქი ადვოკატი, რომელიც 238 დღე შიმშილობდა

თურქი ადვოკატი ებრუ თიმთიქი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით ციხეში  238 დღის მანძილზე შიმშილობდა, სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცნობა ამის შესახებ თურქეთის “სახალხო იურისტთა ბიურომ” გაავრცელა. გამოძიება მას და სხვა იურისტებს, ჯამში, 20-მდე ადამიანს, ტერორიზმთან კავშირს ედავებოდა, რასაც გამორიცხავდა როგორც თავად, ისე მათი კოლეგები. ისინი აღნიშნავდნენ, რომ განაჩენი სასამართლომ ყალბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.

Deutsche Welle-ს თურქული სამსახურის თანახმად, თიმთიქი 2018 წლის 12 სექტემბრიდან იჯდა ციხეში ტერორიზმის ბრალდებით. გამოცემის ცნობით, მას ედავებოდნენ “შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის” წევრობას და მის დახმარებას რიგი მონაცემებით. 2019 წელს თიმთიქს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის გარდა, დააპატიმრეს კიდევ 18 ადვოკატი “პროგრესულ ადვოკატთა ასოციაციიდან”.

ზემოაღნიშნული განაჩენის შემდეგ, 2020 წლის 2 იანვარს, ებრუ თიმთიქმა, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფდა, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, 1 თვის შემდეგ კი მას შეუერთდა კიდევ ერთი დაპატიმრებული ადვოკატი – აითაჩ იუნსალი. ის ამ დრომდე შიმშილობს.

თურქული Bianet-ის ცნობით, 30 ივლისს მომზადდა სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, თიმთიქისა და იუნსალის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე, მათი ციხეში ყოფნა აღარ იყო რელევანტური, თუმცა სასამართლომ უარი განაცხადა მათ გათავისუფლებაზე. გამოცემის მიხედვით, ამის ნაცვლად, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

26 აგვისტოს დაპატიმრებულების კოლეგა – ადვოკატი ვანგოლუ ქოზაღაჯლი – უკვე საავადმყოფოში მყოფი თიმთიქის მდგომარეობას ასე აღწერდა:

“ის წერილობით გვეკონტაქტება, თუმცა დღეს წერაც ძალიან გაუჭირდა… იმდენად დაქანცულია, ძლივს გვპასუხობს. ვეუბნებით: “თვალი დაახამხამე, თუ გესმის ჩვენი”, და ის ახამხამებს. ის თავის დაქნევით გვეუბნება “კი”-ს ან “არა”-ს”.

დაპატიმრებულ ადვოკატებს სოლიდარობას საერთაშორისო ორგანიზაციებიც უცხადებდნენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი მოშიმშილეთა პოზიციას ახმიანებდნენ, რომლის თანახმადაც “იშიმშილებდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქმედება სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ”. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ადვოკატები ითხოვდნენ სამართლიან სასამართლოს არა მხოლოდ მათ მიმართ, არამედ, ზოგადად, თურქეთის სამართლის სისტემის გაჯანსაღებას.

თურქეთის ციხეებში შიმშილობას უკვე ემსხვერპლა არაერთი ადამიანი, რომელთაც ასევე ედავებოდნენ ტერორიზმთან კავშირს. გასულ თვეებში დაიღუპნენ მუსიკალური კოლექტივის, Grup Yorum-ის წევრები, ჰელინ ბოლექი და იბრაჰიმ გიოქჩექი. ასევე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 297-დღიან შიმშილობას შეეწირა მოქალაქე მუსტაფა ქოჩაქი.

ე.წ. მომაკვდინებელი შიმშილობის დროს ადამიანები მხოლოდ გარკვეული ოდენობის სითხესა და შაქარს იღებენ, რათა მაქსიმალურად გაახანგრძლივონ პროტესტის გამოხატვის პერიოდი. ასე იყო ზემოაღნიშნულ მოშიმშილეთა შემთხვევაშიც.

ამავე თემაზე გირჩევთ:

წერილი მომაკვდინებელი შიმშილობიდან – „მინდოდა, შენთვის საკუთარი თავი გამეცნო“

ჰელინ ბოლექის შეწყვეტილი სიმღერა – მუსიკოსი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა

იზმირის ციხეში დაიღუპა მუსტაფა ქოჩაქი, რომელიც 297 დღე შიმშილობდა

მასალების გადაბეჭდვის წესი