ახალი ამბები

იზმირის ციხეში დაიღუპა მუსტაფა ქოჩაქი, რომელიც 297 დღე შიმშილობდა

26 აპრილი, 2020 • 7510
იზმირის ციხეში დაიღუპა მუსტაფა ქოჩაქი, რომელიც 297 დღე შიმშილობდა

თურქეთის ქალაქ იზმირის ერთ-ერთ ციხეში დაიღუპა 28 წლის მუსტაფა ქოჩაქი, რომელიც 297 დღის მანძილზე სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შიმშილობდა. ქოჩაქს გამოძიება პროკურორის მძევლად აყვანასა და მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებოდა, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თავად მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფდა.

რას ედავებოდნენ დაღუპულს?

მუსტაფა ქოჩაქი 2017 წლის 23 სექტემბერს დააკავეს და ბრალად დასდეს ერთი მხრივ, “თანამონაწილეობა ადამიანის მკვლელობაში მისი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო”, მეორე მხრივ კი “თურქეთის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობა”.

საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა ცნობილი თურქი პროკურორი, მეჰმეთ სელიმ ქირაზი, რომელიც 2013 წლის თურქეთის საპროტესტო აქციების დროს დაშავებული და ხანგრძლივი კომის შემდეგ გარდაცვლილი მოზარდის საქმეს იძიებდა.

შეიარაღებულებმა, რომლებიც რადიკალურ მარქსისტულ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ, პროკურორი საკუთარ კაბინეტში შეიპყრეს და მოსთხოვეს, დაესახელებინა საქმეში მონაწილე პოლიციელების ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკლავდნენ. მოგვიანებით, პოლიციის შტურმისას, დაიღუპნენ დაჯგუფების წევრებიც და პროკურორიც.

“12 დღე მაწამებდნენ”

სწორედ ზემოაღნიშნული დაჯგუფების წევრებისათვის იარაღის მიწოდებას ედავებოდა გამოძიება გარდაცვლილ მუსტაფა ქოჩაქს. სახელმწიფო გამოცემა “ანადოლუს ცნობით,” სასამართლოს გადაწყვეტილების ოქმში ნათქვამია, რომ ქოჩაქი “საორგანიზაციო აქტივობებს” იქამდეც ახორციელებდა და მისი სახელი “მრავალ შემთხვევაშია”ნახსენები.

საქმეში ასევე წერია, რომ ქოჩაქმა თავად გადასცა იარაღი ორიდან ერთ-ერთ პირს, რომელთაც შემდგომ პროკურორი მძევლად აიყვანეს და მოკლეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ბრალდების მხარეს მოწმემ უთხრა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ქოჩაქმა თავად უამბო მას იარაღის გადაცემის ამბავი.

სააგენტო ანადოლუ ამავე ოქმზე დაყრდნობით წერს, რომ ქოჩაქის მიმართ არანაირი შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოყენებულა, ვინაიდან ბრალდებული გასამართლების პროცესში არ გრძნობდა სინანულს, ასევე გამოირჩეოდა უარყოფითი დამოკიდებულებითა და ქცევით.

საქმის მასალების მიხედვით, ქოჩაქს განაჩენი “მოწმეებსა და საიდუმლო მოწმეებზე” დაყრდნობით გამოუტანეს. გარდაცვლილის ადვოკატი კი ამბობს, რომ გამოძიება “ორ ცილისმწამებელს” დაეყრდნო, რომელთაც ცრუ ჩვენების გზით აიცილეს თავიდან წამება და სასჯელი. “ბიანეტის” თანახმად, ერთ-ერთმა მოწმემ, მას შემდეგ, რაც თურქეთი დატოვა, განაცხადა, რომ ჩვენება ქოჩაქის წინააღმდეგ მუქარის ქვეშ მისცა.თუმცა, Bianet წერს, რომ სტამბოლის სასამართლოს ეს დეტალი მხედველობაში არ მიუღია. თავად ბრალდების მხარის მტკიცებით, განაჩენი  კანონიერ მტკიცებულებაზე დაყრდნობითა და ყველა პროცედურის დაცვით გამოიტანეს.

ორგანიზაცია “სახალხო სამართლის სახლი”, რომელიც თურქეთის ციხეში მოშიმშილეთა ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ გამოძიების წინაშე თავად ქოჩაქმაც გაახმიანა განცხადებები საკუთარი თავის წინააღმდეგ, თუმცა ეს წამების შედეგი იყო.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ თავად ქოჩაქიც საუბრობდა ადვოკატისთვის გაგზავნილ წერილში. ის ამბობდა, რომ ჩვენების გამოძალვის მიზნით 12 დღის განმავლობაში სასტიკად ეპყრობოდნენ, სცემდნენ, ემუქრებოდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

“მათ დამიდეს განცხადება და მითხრეს: მოგვეცი ჩვენება ამის მიხედვით და წადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაპატიმრებთ და ვეღარასოდეს ნახავ დღის სინათლეს”, – ციტირებდა ქოჩაქი პოლიციას და დასძენდა:

“უარის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მსხვერპლი გავხდი. განუწყვეტელი ცემა ყველაზე “უბრალო”რამ იყო, რაც მათ გამიკეთეს”, – წერდა ქოჩაქი და ამბობდა, რომ გაკოჭეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აწამებდნენ, ასევე ემუქრებოდნენ ორსული დის გაუპატიურებით.

შიმშილობის 297 დღე და გარდაცვალება

მუსტაფა ქოჩაქმა შიმშილობა 2019 წლის 3 ივლისს, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნით დაიწყო. ის მხოლოდ შაქრიან წყალს იღებდა. მისი დის თქმით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქოჩაქი 29 კილოგრამს იწონიდა, დასუსტებული ჰქონდა იმუნიტეტი, დამატებითი გართულებები სხეულსა და ორგანიზმში კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მარტში საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს და ცდილობდნენ, ძალისმიერად შეეწყვეტინებინათ მისთვის შიმშილობა.

“ამ 250 დღის მანძილზე ბევრი რამ ვისწავლე, ვიცი წინააღმდეგობის თანმდევი სირთულეები და მწუხარება, პრობლემებიც. თუმცა, ასევე ვიცი წინააღმდეგობის პატივი. სიცოცხლე ძალიან ლამაზია, არ მინდა, რომ მოვკვდე. სავარაუდოდ, მომდევნო კვირას ტელეფონის ხელში დაჭერასაც ვეღარ შევძლებ, რადგან არ ვიცი, რა მოხდება ხვალ”, – ეუბნებოდა ქოჩაქი ოჯახს 8 მარტს, სატელეფონო საუბრისას.

“ერთადერთი, რაც სურდა, სამართლიანი სასამართლო იყო. მათ მას შანსი არ მისცეს. ის უსამართლო სასამართლოს უკანასკნელი მსხვერპლი გახდა”, – წერს პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ომერ ფარუქ გერგერლიოღლუ “ტვიტერზე”.

“თურქეთის ადამიანის უფლებათა ფონდის” დამფუძნებელი  შებნემ ქორურ ფინჯანჯი ქოჩაქის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ის უგულებელჰყოფს ისეთ მარტივ მოთხოვნებს, როგორიც სამართლიანი სასამართლოა.

თურქეთში პროტესტის ნიშნად შიმშილობას სხვა ადამიანებიც აგრძელებენ. აპრილის დასაწყისში, შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა თურქული მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის წევრი ჰელინ ბოლექი, რომელიც ჯგუფისა და მისი წევრების წინააღმდეგ სახელმწიფოს ქმედებების შეწყვეტას ითხოვდა.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, იბრაჰიმ გიოქჩექი, პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას ამ დრომდე განაგრძობს. მოშიმშილეები მხოლოდ სითხეს იღებენ, რათა პროტესტის გასაგრძელებლად ენერგია შეინარჩუნონ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/267158/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი