ახალი ამბები

მაინც ვხედავ ჩვენთან ერთად კოალიციაში – ვაშაძე ენმ-ზე

27 აგვისტო, 2020 • 727
მაინც ვხედავ ჩვენთან ერთად კოალიციაში – ვაშაძე ენმ-ზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას არ დაუწყია დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათი მხრიდან ამის მიზეზი არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის „მზარდი მხარდაჭერა“, თუმცა, ამ დაპირისპირების მიუხედავად, მაინც ხედავს კოალიციას ამ პარტიასთან.

„ჩემგან არანაირი დაპირისპირება არავის მიმართ არ წასულა. ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი შემოვიდნენ დაპირისპირებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ 27 აგვისტოს ტვ პირველის ეთერში. „თუ რეალურად გაინტერესებთ, ჩემი აზრით, ეს არის ეჭვიანობა იმ მზარდი მხარდაჭერის [გამო], რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს“.

„მე მესმის სხვების ეჭვიანობის, მაგრამ რა ვუყოთ. მე მაინც გეუბნებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვხედავ ჩვენთან ერთად კოალიციაში. მიუხედავად მათი არასწორი ნაბიჯებისა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე გამორიცხა „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია და ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა საკუთარ თავს „ოცნებასთან“ კოალიციაში, განაცხადა: „ვერც ერთ შემთხვევაში“…


გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა 27 ივლისს დატოვეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაც“ შედის. მანამდე, 20 ივნისს, თაკო ჩარკვიანმა საკუთარი თავი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ისანში, სანამ ოპოზიციას მხარდაჭერა ვაშაძისთვის ჰქონდა გამოცხადებული, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძეს წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი