ახალი ამბები

გვაჩვენონ, როდის გამოდის ეს 3 მანქანა შავნაბადის ბაზიდან – ადვოკატი

27 აგვისტო, 2020 •
გვაჩვენონ, როდის გამოდის ეს 3 მანქანა შავნაბადის ბაზიდან – ადვოკატი

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის გავრცელებული ვიდეო სუს-ის იმ სამ მანქანაზე, რომლებიც გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას უკან გარკვეული პერიოდი მიჰყვებოდნენ, ყველა კითხვას პასუხს არ სცემს.

პროკურატურამ 27 აგვისტოს დაადასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს, 18 ივლისს, უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან გადაადგილდებოდა, თუმცა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან და მალევე სხვა მხარეს გადაუხვიეს და შავნაბადის საწვრთნელ ბაზაზე შევიდნენ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, შავნაბადის ბაზიდან არსებობს „საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელათი უკავშირდება მაწევანს“.  მისი თქმით, „არის მარტივი გადასასვლელი გზა და ჯიპებს შეეძლოთ ჩასულიყვნენ [შეხვედრის ადგილას]“.

„ამიტომ ოჯახის მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, სადაც გამოჩნდება, თუ რომელ საათზე, რა დროს გამოდიან ეს ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდის, რამდენ ხანს რჩება“, – განუცხადა 27 აგვისტოს მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, რამიშვილი ამბობს: „რაში დასჭირდა მთავარ პროკურატურას ასე აქტიურობა ამ სამ ჯიპთან დაკავშირებით, რომ ემტკიცებინა, რომ ეს 3 ჯიპი ჩამოშორდა თამუნას მანქანას და არ ჰქონია შემხებლობა, როდესაც მტკიცება სჭირდება იმას, რომ არ აქვს გამოძიებასთან შემხებლობა“…

„მე შესვლის კადრები ვნახე, გამოსვლის კადრები დღემდე არ მინახავს“, – განაცხადა მან. რამიშვილის თქმით, პროკურატურას განცხადებაში ის მაინც უნდა დაეფიქსირებინა, რომ მოითხოვეს ჯიპების გამოსვლის კადრების და დროის ამოღება. „გვანახონ, როდის გამოდის შავნაბადიდან ეს სამი ჯიპი“.

რამდენიმე საათით ადრე პროკურატურამ განაცხადა: „გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან“.

საგამოძოები უწყების განცხადებით, ეს ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე „მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადის საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ- თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე“.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, 23 აგვისტოს კი დედამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მისი შვილი მოკლეს.


პროკურატურა აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს: „ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“.

პროკურატურა ასევე წერს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართეს თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი