ახალი ამბებისამართალი

პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და იძულების მუხლით ორ პირს ბრალი წარუდგინა

27 აგვისტო, 2020 • 844
პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და იძულების მუხლით ორ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების მუხლით ორ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა 22 აგვისტოს ასპინძის სოფელ ხიზაბავრაში მოხდა.

“კ.პ-მ და ი.გ-მ იმ მოტივით, რომ მ.მ-ს ეღიარებინა კ.პ-ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს კ.პ-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით მ.მ-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულები 25 აგვისტოს დააკავეს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია)  და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების  შუამდგომლობით  სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი