ახალი ამბები

10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც „ბასლეინები“ მოეწყობა – სია

27 აგვისტო, 2020 • 3331
10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც „ბასლეინები“ მოეწყობა – სია

თბილისის მერიის ცნობით, კომპანია „სისტრას“ კვლევების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო ქსელის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი, სადაც 12-მეტრიანი და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან.

ამ დერეფნების შესახებ დეტალები 27 აგვისტოს, თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT ხაზების) პრეზენტაციაზე გააცნო საზოგადოებას თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ. დერეფნების ჩამონათვალი ასეთია:

I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;

II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;

III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი;

IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;

V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;

VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;

VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა;

VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;

IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;

X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა;

თბილისის სატრანსპორტო დერეფნები. წყარო: თბილისის მერია

მაია ბითაძემ თქვა, რომ ახალი სქემით, ავტობუსის ლოდინის დრო საშუალოდ 7-15 წუთი იქნება, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის დიდ დერეფნებზე კი, მაქსიმუმ 10-15 წუთი. ამ დერეფნების შემადგენელ გამზირებისა და ქუჩების უმრავლესობაზე ავტობუსების ზოლების („ბასლეინების“) დახაზვა იგეგმება.

თბილისის მერის მოადგილის თანახმად, პროექტში გათვალისწინებულია გაჩერებამდე ფეხით მისასვლელი ოპტიმალური დროც: ძირითად დერეფნებში -400- 450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან -300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან- 200-250 მეტრი.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში „ბასლეინები“ მოეწყობა მანქანების მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, თუმცა ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუ რომელ გამზირზე/დერეფანზე იქნება ასეთი მოწყობა.

როგორც „ნეტგაზეთი“ აგვისტოს დასაწყისში წერდა, კომპანია „სისტრას“ პროექტის ფარგლებში განსაზღვრული გეგმით, ქალაქში იქმნება ძლიერი იერარქიული სატრანსპორტო ქსელი, რომლის ფარგლებშიც:

  • გამოიყოფა თბილისის 10 ძირითადი საავტობუსე დერეფანი, იგივე TBT ხაზი — 10 მარშრუტი; ათივე მარშრუტზე იქნება გამოყოფილი „ბასლეინი“, — ზოგ შემთხვევაში შუაში, — სადაც დიდი ზომის, 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან ყოველ 12-15 წუთში და ექნება შესაძლებლობა, გადაიყვანოს 150 ადამიანი; ყველა მათგანს დაემატება ველობილიკი; დღეს გახდა ცნობილი, თუ რომელ გამზირებს/ქუჩებს მოიცავს ეს 10 დერეფანი;
  • ამას გარდა, გამოიყოფა ქალაქის ხაზები — 44 მარშრუტი; ქალაქის ხაზები დაემატება TBT ქსელს და მოემსახურება ყველა მნიშვნელოვან გრძელმანძილიან მარშრუტს ქალაქის ორ რაიონს შორის, რომელსაც არ ითვალისწინებს TBT ხაზი; აქ ივლიან 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები;
  • გამოიყოფა საუბნო ხაზები — 185 მარშრუტი; საუბნო ხაზები შეასრულებს დამხმარე ფუნქციას მთლიან საავტობუსე ქსელში და ამ მარშრუტებზე — მოკლე მანძილებზე — იმოძრავებენ მიკროავტობუსები და მინიავტობუსები (მცირე ზომის, 8-მეტრიანი, ავტობუსები);

მაია ბითაძის თანახმადვე, 2020 წლის შემოდგომაზე უკვე დასრულდება ყვითელი, „ბოგდანის“ ფირმის ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი და ამ დროიდან „ბოგდანები“ თბილისიდან სრულად გაქრებიან;

სრულად ამ საკითხზე გირჩევთ:

სატრანსპორტო ქსელის ცვლილება ვაკეში – „ეს მხოლოდ დასაწყისია“

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.