ახალი ამბები

ვერ ვიქნები მხოლოდ ავტომობილების მფლობელთა მერი – კალაძე

27 აგვისტო, 2020 • 997
ვერ ვიქნები მხოლოდ ავტომობილების მფლობელთა მერი – კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო ქსელის ცვლილებები აუცილებელია, მერიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილებაა და „ეს ქალაქი არის ყველასთვის“.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რადგან მეც კერძო ავტომობილით გადავაადგილდები, ყოველდღიურად მეც საცობში სხვებივით მიწევს დგომა, მაგრამ მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი“, – განაცხადა კახი კალაძემ 27 აგვისტოს თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT ხაზების) პრეზენტაციაზე.

„მე ვარ მერი ბებიების, ბაბუების, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ტროტუარებს, იმ ახალგაზრდების, ვინც ყოველდღიურად იყენებს ელექტროსკუტერებს, ველოსიპედს, იმ მშობლების, ვინც დაღლილი ბრუნდება საღამოს და სურვილი აქვს გაასეირნოს შვილი, მათ შორის ეტლით“, — თქვა კალაძემ.

მან ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის შესახებაც და თქვა, რომ მსგავსი ცვლილებები ქალაქის სხვა ნაწილებშიც ეტაპობრივად იგეგმება:

„ჭავჭავაძის მაგალითი კარგი მოსაყვანია, თუ რა ხდებოდა ტროტუარებზე. ვერ გაივლიდა ადამიანი. ჩვეულებრივად მოძრაობა იყო ავტომობილების. ეს მიუღებელია. უნდა გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც წარმატებულმა დიდმა ქალაქებმა გაიარეს“, – თქვა მან.

„კერძო ავტომობილს ექნება თავისი მიმართულება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს- თავისი სივრცე, ფეხით მოსიარულეებს- თავიანთი სივრცე, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი 600 ათასზე მეტი გადაადგილდება.

„ეს რიცხვი მზარდია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა. მინდა, რომ ეს რეფორმა დავიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. ანალოგიურ პროექტებს სხვა ქუჩებზეც განვახორციელებთ. შეიძლება ყველა ქუჩა ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირი, მაგრამ ეტაპობრივად, ყველა პროექტში მსგავსი დამოკიდებულება გვექნება. გავაჩენთ საავტობუსე ზოლებს, რომ ეს წრე შეიკრას“, – თქვა მან.

„ნეტგაზეთი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ახალი დერეფნის ვრცელ მიმოხილავს. მანამდე კი გირჩევთ:

სატრანსპორტო ქსელის ცვლილება ვაკეში – „ეს მხოლოდ დასაწყისია“

მასალების გადაბეჭდვის წესი