ახალი ამბებისაზოგადოება

ხელოვნური განაყოფიერება – რა (არ) შეიცვალა წულუკიანის ახალი ბრძანებით

27 აგვისტო, 2020 • 2614
ხელოვნური განაყოფიერება – რა (არ) შეიცვალა წულუკიანის ახალი ბრძანებით

ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის 2012 წლის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია მხოლოდ იმ წყვილს, რომელიც ერთი წელია ქორწინებაშია, ან ერთი წელია, რაც ერთად ცხოვრობს და ამის იურიდიულად დამოწმებას შეძლებს. ამ ცვლილებამ საზოგადოების ნაწილში არაერთი გაუგებრობა და პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროს განმარტებების გაკეთება მოუწია. რა (არ) იცვლება წულუკიანის ახალი ბრძანებით?

ცვლილება ეხება მხოლოდ სუროგაციას თუ ინ ვიტრო განაყოფიერებასაც?

საზოგადოების, მათ შორის მედიის, პოლიტიკოსებისა და ასევე ექიმების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია ბრძანებაში მოცემულმა სიტყვამ: ექსტრაკორპორული, რაც პარლამენტის ბიბლიოთეკის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად ნიშნავს:

სხეულის გარეთ მომხდარი რეაქცია, აქტი, პროცესი (მაგ. ექსტრაკორპორული დასხივება, განაყოფიერება). უკანასკნელში იგულისხმება in vitro, სინჯარაში განხორციელებული სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმა, რის შემდეგაც მიღებული ზიგოტის იმპლანტაცია ხდება საშვილოსნოში.

შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ in vitro განაყოფიერების უფლება ჩამოერთვათ დამოუკიდებელ, პარტნიორის გარეშე მცხოვრებ ქალებს, რომელთაც ბავშვის გაჩენის სურვილი აქვთ. ამის გამო წულუკიანი არაერთმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.

მოგვიანებით განმარტებები გააკეთეს თავად წულუკიანმა და იუსტიციის სამინისტრომ. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქმე ეხება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მეურვეობის უფლებას და ბრძანების ეს რედაქცია არ მოიაზრებს ხელოვნური განაყოფიერების სხვა მიმართულებებს. მათ შორის ის არ ეხება მარტოხელა დედის უფლებას, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია ხელოვნური განაყოფიერების (in vitro) დახმარებით თავად გააჩინოს ბავშვი. “ეს წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები”.

როგორც ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციამ განმარტა ინტერპრეტაციის მიზეზი ტერმინოლოგიის არასწორი გამოყენება გახდა, რომელიც თავის მხრივ ცვლილებების შეტანის პროცესში სფეროს ექსპერტების ჩაურთველობამ განაპირობა.

“ბრძანების ამოქმედებისთანავე ასოციაციის მმართველი საბჭო აქტიურ რეჟიმში ცდილობს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კომუნიკაციით ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების მიხედვით ცვლილებასაც, რათა მოსახლეობის დროულად მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ავირიდოთ უარყოფითი უკუკავშირი. ჩვენი მიზანია დაჩქარებულ რეჟიმში სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრის ორგანიზება, რათა კონსტრუქციული დისკუსიის რეჟიმში ერთად დავარეგულიროთ რეპროდუქციულ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები”, – წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა შეიცვალა ახალი ბრძანებით სუროგაციის წესებში

იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ბრძანების თანახმად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამტკცების წესს განსაზღვრავს, სუროგაციის სერვისით სარგებლობის განმარტებაში ჩვილის რეგისტრაციისას აუცილებელი იყო შემდეგი საბუთები:

  • ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე;
  • ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება:
  • ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის, ან;
  • ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან ;
  • ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლებად კი მიიჩნეოდნენ გენეტიკური მშობლები, ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი და წყვილი.

ამ ნაწილს არეგულირებს საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომლის 143-ე მუხლში საუბარია, თუ ვის აქვს უფლება ისარგებლოს ექსტრაკორპორული განაყოფიერების სერვისით. კანონში არ არის ნახსენები მარტოხელა მშობელი და საუბარია მხოლოდ წყვილებზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, იუსტიციის მინიტრის ახალი ბრძანებით მარტოხელა მშობლებს სუროგაციის სერვისით სარგებლობის უფლება არ ჩამორთმევიათ, რადგან ეს უფლება მათ არც აქამდე ჰქონდათ:

“პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ იყო განსაზღვრული, რომ მხოლოდ წყვილების თანხმობით შეიძლებოდა სუროგაციის სერვისით სარგებლობა, ამ კანონიდან გამომდინარე მარტოხელა მშობელს არ ჰქონდა იგივე შესაძლებლობა”, – განმარტავს გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით მხოლოდ წყვილების განსაზღვრება დაკონკრეტდა, კერძოდ, განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული, ანუ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა, თუ ისინი:

  • ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
  • ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

იმისთვის, რომ ქალმა და მამაკაცმა დაადასტურონ საკუთარი ფაქტობრივი თანაცხოვრება, მათ ნოტარიუსთან უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ: საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი; რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა.

ცვლილების მიზანი

სამინისტროს თანახმად, ცვლილებების მიღების მიზანი ჩვილებით ვაჭრობის, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად ქცევის რისკების შემცირებაა. სააგენტოს განმარტებით, რისკების შემცირების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, 2013 წლიდან მუშაობს და ამ ცვლილებით “სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგჯერ დაზუსტდა”.

სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ წყვილს, რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს და ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომლის განზრახვაც ქვეყნიდან ბავშვის დანაშაულებრივი მიზნებისთვის გაყვანაა.

“ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში, ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც”, – განმარტებულია განცხადებაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სუროგაციის გზით შვილად აყვანის სერვისით მოსარგებლე წყვილების 98% უცხოეთის მოქალაქეა, სუროგატი დედების 100% კი საქართველოს მოქალაქე ქალია.

რამდენად რეალურია რისკების შემცირება?

სამინისტროს განმარტებას რისკების შემცირების ნაწილში არ ეთანხმება კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ ეს ცვლილება რეალურად ვერ უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული რისკების შემცირებას:

“ეს ცვლილება არ აზღვევს იმ რისკებს, რომელიც სუროგაციასთან დაკავშირებით ნამდილად არსებობს. ტრეფიკინგი ისედაც ორგანიზებული დანაშაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს ხოლმე და ნებისმიერ ორ ადამიანს, რომელიც თანაცხოვრებას დააფიქსირებს, გამოდის, რომ ექნება შესაძლებლობა სუროგაციის სერვისით ისარგებლოს და ბავშვი არანაირად არ იქნება დაცული”, – განაცხადა პატარაიამ.

პატარაიას მსგავსად, ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკების შემცირების ნაწილში ცვლილებებს არაპროდუქტიულად აღიქვამს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძეც, რომლის თქმითაც აღნიშნული ცვლილებები ვერც ბავშვის და ვერც სუროგატი დედის ინტერესებს ვერ დაიცავს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებით, ცვლილების შედეგად სუროგატი დედის ინტერესებიც იქნება დაცული:

“ბუნდოვანია, როგორ უნდა დაიცვას ამ ცვლილებამ სუროგატი დედის ინტერესები, რა მნიშვნელობა აქვს, ერთი წლით ადრე აიღებს ანაზღაურებას, თუ ერთი წლით გვიან. ეს რეგულაცია არც სუროგატი დედის და არც ბავშვის ინტერესებს არ იცავს, უბრალოდ, კონკრეტული ადამიანებისთვის ეს ვადები ერთი წლით გადაიწევს”, – განაცხადა გოცირიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პოტენციური მშობლების ინტერესები

კლინიკა “კარაპს მედლაინის” ინ ვიტრო განყოფილების ხელმძღვანელის, მანანა ქოჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად სუროგაციის სერვისით სარგებლობა გართულდა 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რადგან ამ ასაკში რეპროდუქციული ორგანოები სუსტდება და ზემოთ აღნიშნული ერთი წელი, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყოს:

“ახალგაზრდა წყვილებისთვის ეს ცვლილება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ასაკოვანი ადამიანებისთვის ეს, შესაძლოა, პრობლემა გახდეს. მაგალითად, როდესაც 45 წლის ასაკში ახლად დაქორწინებული წყვილი გადაწყვეტდა სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას, ამ ცვლილებამდე მალევე იწყებდნენ ამაზე ზრუნვას, რადგან მათ იცოდნენ, რომ შეიძლება 46 წლის ასაკში მათ უკვე პრობლემა შექმნოდათ, ახლა კი ერთი წელი მოუწევთ ლოდინი, რის შემდეგაც შეიძლება ამ გზით ბავშვის ყოლა ვეღარ მოახერხონ”, – განმარტა ქოჩიაშვილმა.

მისი თქმით, ცვლილების მიღებისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ და უნდა დაწესებულიყო გარკვეული ასაკობრივი ზღვარი.

“გაუგებარია, მარტოხელა მშობელი რით ჩამოუვარდება წყვილს”

იუსტიციის მინისტრის ბრძანებას სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციის საკითხში დისკრიმინაციულად მიიჩნევს ბაია პატარაია. მისი თქმით, ბრძანების ეს ნაწილი არ ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების ინტერესებს, როდესაც არ აძლევს მათ სუროგაციის სერვისით სარგებლობის უფლებას, განსხვავებით წყვილებისგან. აღსანიშნავია, რომ ეს უფლება პარტნიორის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს არც მანამდე ჰქონდათ.

“გაუგებარია, მარტოხელა მშობელი რით ჩამოუვარდება წყვილს, არცერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ მარტოხელა ადამიანი უარესი მშობელია. პირიქით, როგორც წესი, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, იყოს მარტოხელა მშობელი, მას კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობები და ხშირად უკეთესი მშობელიც კი არის. ორი მშობლის ყოლა არ ნიშნავს კარგი მშობლების ყოლას. უამრავი ბავშვია, რომელსაც ორი მშობელი ჰყავს მაგრამ მაინც ძალადობის მსხვერპლია”, – განმარტა პატარაიამ.

ბაია პატარაიას თქმით კი, იმისთვის, რომ სუროგაციის შემდეგ რეალურად მოხდეს რისკების შემცირება, სახელწიფომ, კერძოდ კი სოციალურმა სააგენტომ, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა პერმანენტულად უნდა აკონტროლოს, მიუხედავად იმისა, კონკრეტული ბავშვის მეურვეები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან თუ უცხოეთის. პატარაის განმარტებით, ამ პროცესების საკონტროლებლად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სპეციალური მექანიზმი და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის მავრობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი