პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია “ქართული ოცნების” ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. როგორც ბესელია ამბობს, ეს ოპოზიციის მოთხოვნაცაა, თუმცა მმართველი გუნდი “დროსა და სივრცეში” არეულია.
“მგონია, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან აცდენაა, დროსა და სივრცეში არიან ძალიან არეულები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა. თუ ამ ინიციატივას ახლა, სექტემბერში პარლამენტი კენჭს უყრის, მაშინ ჩემი შემხვედრი წინადადებაა და ძალიან პრინციპული მოთხოვნაა, ამას მხარს უჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ის პროექტი, რომელიც წარვადგინე — ხმების დაცვის მექანიზმი, რომ არ გაყალბდეს ამომრჩევლის ხმა, ეს ინიციატივა განიხილონ ამ პაკეტთან ერთად”, — განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.
დღეს, 26 აგვისტოს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში.
„საარჩევნო კოდექსში მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც“, – ამბობს თალაკვაძე.
მისივე განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.