ახალი ამბები

მთიან რეგიონებში დაემატოს სამედიცინო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები – ბესელია

26 აგვისტო, 2020 • 790
მთიან რეგიონებში დაემატოს სამედიცინო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები – ბესელია

პოლიტიკური პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ინიციატივით გამოდის, რომ მთიან რეგიონებში დაემატოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ტექნიკური აღჭურვილობის გაძლიერებაც. ამის შესახებ ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, 23 აგვისტოს ხევსურეთის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“აღმოჩნდა, რომ არასაკმარისია ის სამედიცინო მომსახურების ბრიგადები, რომელიც არსებობს. უფრო მეტიც, ფშავ-ხევსურეთში, გუდამაყარში, ფასანაურში არის მხოლოდ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც  შესაძლოა ფიზიკურად ვერ გაუმკლავდეს იმ საჭიროებას, რაც არის”, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის დამატების საჭიროება განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დგება, რადგან ამ დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმატებს ტურისტების რაოდენობაც, შესაბამისად, იზრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებაც.

ბესელიას განმარტებით, ასევე, მთიან რეგიონებში უნდა არსებობდეს სპეციალური ტექნიკური საშუალებები, როგორიცაა ვერტმფრენი და სხვა საჭირო ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

23 აგვისტოს ხევსურეთიდან თბილისში მიმავალი ტურისტული კომპანიის მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლის ხევში გადავარდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი