ახალი ამბები

რუსეთის ეკლესიის სინოდმა ბელარუსში ახალი ეგზარქოსი დანიშნა

25 აგვისტო, 2020 • 1208
რუსეთის ეკლესიის სინოდმა ბელარუსში ახალი ეგზარქოსი დანიშნა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა სრულიად ბელარუსის ეგზარქოსად და მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტად ბორისოვსკის ეპისკოპოსი ვენიამინი დანიშნა.

ამ პოსტზე ის ჩაანაცვლებს მიტროპოლიტ პაველს, რომელმაც, ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, რუსეთის ეკლესიის სინოდს გადადგომის თხოვნით თვითონ მიმართა. სინოდმა იგი ყუბანის მიტროპოლიტად გადაიყვანა.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბელარუსის მართლმადიდებელ ეკლესიაში საკადრო ცვლილებას წინ უსწრებდა ეგზარქოს პაველის მოწოდება ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, რომ შეეჩერებინა ძალადობა. მან თქვა, რომ ნახა სიუჟეტები, სადაც ძალოვნები უსამართლოდ ექცეოდნენ ადამიანებს და შეუიარაღებელი ხალხის მიმართ ძალის გამოყენების აზრს ვერ ხედავდა.

ეგზარქოსმა ასევე მოინახულა და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა საავადმყოფოს, რომელშიც აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები მკურნალობდნენ.

ბელარუსში მესამე კვირაა გრძელდება საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც 26 წელია ქვეყანას მართავს, ამომრჩეველთა ხმების 80% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი