ახალი ამბები

ბელორუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი პოლიციამ დააკავა

24 აგვისტო, 2020 • 647
ბელორუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი პოლიციამ დააკავა

ბელორუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულები არიან სერგეი დილევსკი და ოლგა კოვალკოვა. ამავე ინფორმაციით, მათი დაკავება დაადასტურა პოლიციამაც.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული დაკავება იმის მანიშნებელი სიგნალია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეაჩეროს მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც მესამე კვირაა ბელორუსში მიმდინარეობს.

გასულ კვირას ლუკაშენკომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები გააფრთხილა, რომ ისინი შეიძლება სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წინაშე აღმოჩნდენ იმის გამო, რომ შექმნეს ორგანო, რომელსაც პარალელურ მთავრობას უწოდებს.  როგორც ცნობილია, ბელორუსის პროკურატურამ საბჭოს წევრების მიმართ ეროვნული უსაფრთხოების შელახვის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

23 აგვისტოს ბელორუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა გამართვის მოთხოვნით, ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის წინააღმდეგ.

პროტესტი და შეტაკებები ბელორუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელორუსის პოლიციამ რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. არიან დაკარგულები. ოფიციალური უწყებების მიერ დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. კიდევ ერთი აქციის მონაწილეს კი, ბელორუსის შსს-ს ცნობით, ავტომანქანა დაეჯახა და ასე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი