ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” აფხაზეთში ხატის გადმოსაცემად იყო – ბჟანიას მრჩეველი

24 აგვისტო, 2020 • 1579
“პატრიოტთა ალიანსი” აფხაზეთში ხატის გადმოსაცემად იყო – ბჟანიას მრჩეველი

“აფხაზეთის სახალხო პარტიის” თავმჯდომარე და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საკანია საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ მორიგ განცხადებას აქვეყნებს. მისი განმარტებით, ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში “ჰუმანიტარული მისიით” ჩავიდნენ.

“აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან ჩემი ძველი მეგობრები დამიკავშირდნენ თხოვნით, დახმარება გამეწია საქართველოდან ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის გადმოცემის საკითხში. მათ, თავის მხრივ, დავით თარხან-მოურავი დაუკავშირდა. შესაბამისად, ჩემი რუსი მეგობრები აღნიშნულის ორგანიზებისთვის მე დამიკავშირდნენ.

არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მე ვთხოვე ალექსანდრ აგრაბას, ჩემთან ერთად წამოსულიყო. ეს იყო ჰუმანიტარული აქცია და რაიმე პოლიტიკური სარჩული ამას არ აქვს. გადმოგვცეს ხატი, ილოცეს და ამით ვიზიტი დასრულდა”, – აცხადებს საკანია.

მისივე თქმით, როგორც მორწმუნეს, სჯერა რომ “ხატის გადმოცემა კეთილშობილი საქმეა”.

“თუ საჭიროა, შეგვილია ანიხაზე წავიდეთ და დავიფიცოთ, რომ არანაირი პოლიტიკური მოლაპარაკება არ ყოფილა ჩვენ შორის.

ვაცნობიერებ, რომ საქმის კურსში არ ჩამიყენებია არც გალის, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, სწორედ იმიტომ, რომ ამ ღონისძიებისთვის რაიმე ოფიციალური სტატუსი არ მიგვენიჭებინა”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

მოგვიანებით აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“, რომელიც ქართულ მხარესთან ნებისმიერი დიალოგის მოწინააღმდეგეა, ლიდერებისგან განმარტება მოითხოვა „პატრიოტთა ალიანსთან“ შესაძლო საიდუმლო ვიზიტთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას 22 აგვისტოს უპასუხა ლაშა საქანიამ და თარხან-მოურავთან და ინაშვილთან შეხვედრა უარყო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკებები ჩემს, არც როგორც პრეზიდენტის მრჩეველს და არც როგორც „აფხაზეთის ეროვნული ფრონტის“ ლიდერს, და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შორის არ ყოფილა“, – აცხადებდა პირველ კომენტარში საკანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი