ნეტგაზეთი | მსგავსი სტიქია ბოლო წლები არ ყოფილა – „ბათუმის წყალი“ მსგავსი სტიქია ბოლო წლები არ ყოფილა – „ბათუმის წყალი“ – Netgazeti
RU | GE  

მსგავსი სტიქია ბოლო წლები არ ყოფილა – „ბათუმის წყალი“

„ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ ქალაქში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა.

22-23 აგვისტოს ძლიერი ნალექის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემა უხვი ნალექის გამო შეიქმნა ლერმონტოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, შავშეთის ქუჩებზე და გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

ბათუმის სახანძრო სამსახურის თანახმად, 13:00 საათის მდგომარეობით მათთან 44 ზარი შევიდა. „ყველა გამოძახებაზე ვრეაგირებთ, თუმცა თუ წვიმამ არ გადაიღო, პრობლემები ალბათ მოიმატებს. ძირითადად პრობლემურია ურეხის დასახლება. დატბორილია გზები, ეზოები და ზოგან სარდაფები.“ – გვითხრეს სახანძროში.

„ბათუმის წყლის“ ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

„სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება“, – წერს კომპანია.

„ბათუმის წყლის“ თანახმადვე, ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, — რომელიც სრულად პარალიზებული იყო — საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

„ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას“, – წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com