ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმეზე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი – პროკურატურა

17 აგვისტო, 2020 • 1425
ბაჩალიაშვილის საქმეზე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ ამიერიდან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს გამოძიებას ის გააგრძელებს. განცხადებაში უწყება ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

დღეს პროკურატურაში გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდება. 

„თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე მიეწოდათ ინფორმაცია სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების, „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით“ ,- ამბობს უწყება.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა – „განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი“.

ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

„საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან,“.

„მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს.

საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიება შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი