ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას მრჩეველი უარყოფს მოლაპარაკებებს ინაშვილთან და თარხან-მოურავთან

23 აგვისტო, 2020 • 856
ბჟანიას მრჩეველი უარყოფს მოლაპარაკებებს ინაშვილთან და თარხან-მოურავთან

განახლება: “პატრიოტთა ალიანსი” აფხაზეთში ხატის გადმოსაცემად იყო – ბჟანიას მრჩეველი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველი და პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საქანია უარყოფს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

მოგვიანებით აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“, რომელიც ქართულ მხარესთან ნებისმიერი დიალოგის მოწინააღმდეგეა, ლიდერებისგან განმარტება მოითხოვა „პატრიოტთა ალიანსთან“ შესაძლო საიდუმლო ვიზიტთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას 22 აგვისტოს უპასუხა ლაშა საქანიამ და თარხან-მოურავთან და ინაშვილთან მოლაპარაკებები უარყო. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკებები ჩემს, არც როგორც პრეზიდენტის მრჩეველს და არც როგორც „აფხაზეთის ეროვნული ფრონტის“ ლიდერს და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შორის არ ყოფილა“, – ამბობს იგი.

მის კომენტარს გამოცემა „აფსადლიგ-ინფო“ ავრცელებს. საქანია აცხადებს, რომ მოსკოვში იმყოფება და 24 აგვისტოს აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ გამართავს პრესკონფერენციას და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობდა, რომ ორივე პოლიტიკოსი — დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ამ დრომდე კომენტარს არცერთი აკეთებს. შესაძლო ვიზიტზე კომენტარს არც სუს-ში აკეთებენ.

უცნობია „პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის მიზეზიც. პარტიის წევრებს აფხაზებისთვის, სახელმწიფო დუმის შემოთავაზებული საშუალებებით, პირდაპირი დიალოგის ღიად შეთავაზების მცდელობა 2018 წელს ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ახალი ლიდერი და მისი გუნდი ხშირად საუბრობს თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე, რასაც იქაური ოპოზიცია აკრიტიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი