ახალი ამბები

პანკისში მამა-შვილის ცემის საქმეზე 3 პირს ბრალი წარედგინა

22 აგვისტო, 2020 • 843
პანკისში მამა-შვილის ცემის საქმეზე 3 პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ბრალდებული ი.ფ. ფიზიკურად გაუსწორდა შორტებში ჩაცმულ ნ.წ.-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა მის ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა; ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. შედეგად მამა-შვილმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მამამ – სხივის ძვლის მოტეხილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო. ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53′-126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 53′-118 მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53′ -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ და „ ბ „ ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი