ახალი ამბები

კაპანაძის თქმით, „ოცნებას“ ნაკლები დამკვირვებელი სურს, თალაკვაძე ამას უარყოფს

21 აგვისტო, 2020 • 781
კაპანაძის თქმით, „ოცნებას“ ნაკლები დამკვირვებელი სურს, თალაკვაძე ამას უარყოფს

პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ სერგი კაპანაძის ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ 21 აგვისტოს დილას განაცხადა, რომ პარტიის ინფომრაციით, მთავრობას სურს, წელს საპარლამენტო არჩევნებზე, კორონავირუსული პანდემიის საბაბით, მცირე რაოდენობით დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კორონავირუსის და პანდემიის უკან და, შესაბამისად, დამკვირვებლების მცირე რაოდენობის იმედი აქვთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

მან მთავრობას მოუწოდა ორი საკითხის მოგვარებისკენ:

1) უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები, — იქნება ეს ეუთო, ევროსაბჭო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თუ ამერიკული ორგანიზაციები, — შემოვიდნენ საქართველოში შეფერხების [კარანტინის] გარეშე;
2) ხელისუფლებამ აიღოს ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს შეუქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას;

თალაკვაძემ კაპანაძის ნათქვამს „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა და თქვა:

„ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, ვინაიდან ჩვენ ამ არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ“.

„ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორინტირებული და მომავალზე გეგმა თავისთავად უკავშირდება იმას, რომ ჩვენმა რაც შეიძლება მეტმა პარტნიორმა ნახოს, როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ ამ არჩევნებს“, – განაცხადა მან.

ნახეთ სტატია „ნეტგაზეთის“ 2020 წლის ივლისის არქივიდან:

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

მასალების გადაბეჭდვის წესი