ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში აკრიტიკებენ ცხინვალის გადაწყვეტილებას „ღამურებით ვაჭრობაში“ ბრალდებულზე

21 აგვისტო, 2020 • 1107
თბილისში აკრიტიკებენ ცხინვალის გადაწყვეტილებას „ღამურებით ვაჭრობაში“ ბრალდებულზე

თბილისში სახელმწიფო უწყებები ეხმაურებიან სამხრეთ ოსეთში „ღამურებით ვაჭრობაში“ ბრალდებულ ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის მისჯას და მას უკანონოს უწოდებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასტურდება სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელება.

„აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“, – აცხადებს სუსი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, – წერია განცხადებაში.

მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და განაცხადა:

„ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის ,ასევე, სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“.


21 აგვისტოს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რაც “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას” გულისხმობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ უნდა გაეყიდა. ბრალდებას თბილისში აბსურდულს უწოდებენ.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი