ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დაწყების მიზეზად ერევანს ასახელებს

21 აგვისტო, 2020 • 1259
ლავროვი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დაწყების მიზეზად ერევანს ასახელებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ “Труд”-თან ინტერვიუში 2020 წლის ივლისში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან რამდენიმედღიანი შეტაკებების დაწყების მიზეზად სომხეთის ქმედებები დაასახელა.

“კონფლიქტი მთელმა რიგმა მიზეზებმა გამოიწვია. ამას საფუძვლად, რა თქმა უნდა, ყარაბაღის გადაუჭრელი პრობლემა უდევს. თუმცა თავისებური ნაღმი გეოგრაფიული ფაქტორიც აღმოჩნდა – სომხურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ძველი სასაზღვრო გამშვები საკონტროლო პუნქტი აღედგინა, რომელიც აზერბაიჯანის საექსპორტო მილსადენებიდან 15 კილომეტრშია განთავსებული. ერთ მხარის [აზერბაიჯანის] გადაჭარბებულმა მღელვარებამ და მეორე მხარის [სომხეთი] გაუმართლებელმა საპასუხო რეაქციამ კი, საბოლოოდ ჯამში, უმართავი პროცესები გამოიწვია”, – აცხადებს ლავროვი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივლისის შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

შეტაკებების დღეებში სომხეთში რუსეთისგან და ОДКБ-სგან უფრო ქმედით მხარდაჭერას მოელოდნენ, თუმცა რუსეთში არ იჩქარეს სომხეთის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება.

სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი