ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მოითხოვენ გაირკვეს, შეხვდა თუ არა ბჟანიას თანაშემწე ირმა ინაშვილს

21 აგვისტო, 2020 • 1107
აფხაზეთში მოითხოვენ გაირკვეს, შეხვდა თუ არა ბჟანიას თანაშემწე ირმა ინაშვილს

აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა”, რომელიც ქართულ მხარესთან ნებისმიერი დიალოგის მოწინააღმდეგეა, ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვს, 18 აგვისტოს საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების გალში შესაძლო საიდუმლო ვიზიტთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველთან.

“ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით. თუკი უახლოეს დროში ხელისუფლებისგან არ გვექნება ინფორმაცია, პარლამენტის დეპუტატებს ვთხოვთ შესაბამის სტრუქტურებში ოფიციალური მიმართვა გააკეთონ მსგავსი შეხვედრის მიზეზის დასადგენად და ჩატარდეს შესაბამის კომიტეტში მოსმენა”, – ნათქვამია “არუაას” განცხადებაში.

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ, რომელიც ასევე ორგანიზაცია “არუაას” წევრია, გუშინ, 20 აგვისტოს დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მრჩეველი საიდუმლოდ შეხვდა ირმა ინაშვილს.

„სხვადასხვა ინფორმაციით, 18 აგვისტოს გალის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას გასაიდუმლოებული შეხვედრა ქართველ პოლიტიკოსთან, ირმა ინაშვილთან“, – დაწერა თემურ ნადარაიამ ფეისბუკზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი არხთან საუბარში ამბობს, რომ ორივე პოლიტიკოსი, უკან დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არცერთი აკეთებს. აღნიშნულ ვიზიტზე კომენტარს არც სუს-ში აკეთებენ.

უცნობია „პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის მიზეზიც. პარტიის წევრებს აფხაზებისთვის, სახელმწიფო დუმის შემოთავაზებული საშუალებებით, პირდაპირი დიალოგის ღიად შეთავაზების მცდელობა 2018 წელს ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ახალი ლიდერი და მისი გუნდი ხშირად საუბრობს თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე, რასაც იქაური ოპოზიცია აკრიტიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი