ახალი ამბები

ჩვენთვის დიდი შენაძენია — კაპანაძე “თავისუფალი დემოკრატებიდან” წასულ პოლიტიკოსებზე

20 აგვისტო, 2020 • 831
ჩვენთვის დიდი შენაძენია — კაპანაძე “თავისუფალი დემოკრატებიდან” წასულ პოლიტიკოსებზე

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ “თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსული პოლიტიკოსები მათი პარტიისთვის დიდი შენაძენია.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ეს ადამიანები “ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიის გამსვლელ ადგილებზე იქნებიან.

“ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი შენაძენია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ისინი იქნებიან ჩვენს სიაშიც, მათ შორის- გამსველელ ადგილებზეც, ბუნებრივია, და ჩვენ ერთად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ შავგულიძემ დღეს, 20 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შავგულიძემ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, განმარტა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“.

შავგულიძემ ასევე განმარტა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება „პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა“.

ამავე ბრიფინგზე შავგულიძემ განაცხადა, რომ პარტიას მასთან ერთად ტოვებენ სხვა ლიდერებიც – ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე. ასევე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი –  გიორგი ქიტიაშვილი.

„პარტიიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, – ამბობს შავგულიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი