ახალი ამბები

საქართველოში ერთი რეალობაა და მოხსენებაში აღწერილია სხვა — წულუკიანი NDI-ზე

20 აგვისტო, 2020 • 1421
საქართველოში ერთი რეალობაა და მოხსენებაში აღწერილია სხვა — წულუკიანი NDI-ზე

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ერთი რეალობაა, ანგარიშში კი სხვაა აღწერილი.

როგორც წულუკიანი ამბობს, ანგარიშში ბუნდოვანი და გაურკვეველი პასაჟები იყო. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ მომავალში სწორად შეარჩიონ პარტნიორები, რათა ცრუ ინფორმაცია არ გავრცელონ.

“იქ არის არაერთი უზუსტობა, ასევე არის გაურკვეველი და ბუნდოვანი პასაჟები. ბუნდოვანი იმიტომ, საქართველოში ერთი რეალობაა და მოხსენებაში აღწერილია სხვა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო მეგობარ ორგანიზაციებს, რომ სწორად შეარჩიონ ველზე და ადგილზე თავიანთი პარტნიორები იმისთვის, რომ მათი რეპუტაცია იყოს მაღალი, ის რეპუტაცია ჰქონდეთ, რასაც იმსახურებენ და არ მოუწიოთ ცრუ ინფორმაციის ასახვა თავიანთ მოხსენებებში. ეს წარსულშიც ყოფილა შემთხვევა, რაც სამწუხაროა. ახლაც ასეა მოხსენების შემთხვევაში და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს გამოსწორდება”, — განაცხადა წულუკიანმა.

“ეროვნულ- დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) დღეს, 19 აგვისტოს, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო რეფორმების არჩევნებში ასახვისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ბოლო 30 წელიწადში საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია. ორგანიზაციის თქმით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ  არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო აძლიერებს და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი