ახალი ამბები

შეცდომა იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ისანში კანდიდატს დააყენებს — კაპანაძე

20 აგვისტო, 2020 • 1151
შეცდომა იქნება, თუ “ნაციონალური მოძრაობა” ისანში კანდიდატს დააყენებს  — კაპანაძე

“ევროპული საქართევლოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, თუკი “ნაციონალური მოძრაობა” ისანში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს, შეცდომა იქნება. როგორც ცნობილია, ისანში ოპოზიციის ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძეა.

კაპანაძე ამბობს, რომ ახლა ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევის დრო არ არის.

“თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ ამ შეთანხმებას შეუქმნას საფრთხე ერთ-ერთ კონკრეტულ ოლქში, მაგალითად, ისანში, ჩემი აზრით, “ევროპული საქართველოს” აზრით, ეს იქნება შეცდომა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შეთანხმებების დარღვევის დრო არ არის. პირიქით, დროა არის, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს, მათ შორის სხვა ოლქებშიც. თუმცა, მანამ, სანამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო და ისეთი რამე შევაფასო, რაც ჯერ არ მომხდარა”, — განაცხადა კაპანაძემ.

“ნაციონალური მოძრაობაში” არ გამორიცხავენ, რომ პარტიამ ისნის ოლქში თავიანთი მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენოს.

როგორც  პარტიის წევრი, ხატია დეკანოიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ  ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და გაერთიანებიდან გავიდა.

მისივე თქმით, პრობლემა იყო ისიც, რომ თაკო ჩარკვიანი, რომელმაც საბურთალოს ოლქში საკუთარი თავი მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, გიორგი ვაშაძეს შეუერთდა.

თავად გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ მას არცერთი შეთანხმება არასოდეს დაურღვევია და თუკი “ნაციონალური მოძრაობა” კონკურენტს დაუყენებს, მას დაამარცხებს.

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობაც” შედის, 27 ივლისს დატოვეს. მანამდე, 20 ივნისს, თაკო ჩარკვიანმა საკუთარი თავი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი