ახალი ამბებირეკლამა

რატომ არის კონტენტმენეჯმენტი აწმყოსა და მომავლის პროფესია

25 ივლისი, 2020 • 1169
რატომ არის კონტენტმენეჯმენტი აწმყოსა და მომავლის პროფესია

“მნიშვნელოვანია, სრულყოფილად ფლობდე გრამატიკას და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, „კალამი გიჭრიდეს“, – ამბობს „რედ ბულ“ საქართველოს მედია კომუნიკაციების მენეჯერი თამარ ფოლადიშვილი.

ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.  მისი როლი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა COVID-19-ის პანდემიის დროს. თითქმის ყველაფერმა გადმოინაცვლა ინტერნეტში  და ინტერნეტის მოხმარებაც  მსოფლიოში ერთიორად გაიზარდა. 

პანდემიის დროს, კომპანიებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაქცეს ციფრულ კომუნიკაციას და სანამ ისინი ვებგვერდს ან სოციალურ ქსელს იყენებენ, კონტენტმენეჯმენტი საჭირო პროფესიების სიაში დარჩება.

თამარ ფოლადიშვილის თქმით, კონტენტმენეჯმენტი სტრატეგიის გაწერის, ინფორმაციის შექმნის, მიწოდებისა და შედეგის ანალიზის პროცესებს აერთიანებს. ამ ეტაპებს, განურჩევლად ინდუსტრიისა, გადის ყველა, ვინც მომხმარებელს ინტერნეტის რომელიმე არხის მეშვეობით უკავშირდება.

კოპირაიტინგი კონტენტმენეჯმენტის  განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, სრულყოფილად ფლობდე გრამატიკას და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, „კალამი გიჭრიდეს. ასევე სასურველია, იცოდე რომელიმე უცხო ენა, რათა გაეცნო სიახლეებს და პრაქტიკაში გამოიყენო ისინი,” – ამბობს თამარ ფოლადიშვილი.

მისივე აზრით, სულ ცოტათი მაინც უნდა იცნობდე იმ ინდუსტრიას, რომელშიც მუშაობ, ანუ, ერკვეოდე მარკეტინგში, გაყიდვებში, გრაფიკულ დიზაინში და ა.შ. 

“სასურველია, გაინტერესებდეს და ადვილად ითვისებდე ისეთ პროგრამებს, რომლებიც შენს სამუშაოს გააადვილებს. ჩემი გამოცდილებით, ყველა CMS-ი (Content Management System) მეტნაკლებად ერთმანეთს ჰგავს, რადგან ყველა პროექტს სჭირდება კალენდრის შედგენა და კამპანიას −  შედეგის გაზომვა. ამიტომ, არ შეგვეშინდეს აბრევიატურების მიღმა დამალული უსაზღვრო შესაძლებლობების,” – აღნიშნავს ის.

 საჭიროა თვალს ადევნებდე იმას, თუ რა ხდება შენ გარშემო. ხშირი მონიტორინგი და დაკვირვება კარგ წარმოდგენას შეგიქმნის,კონკურენტი ან, თუნდაც არაკონკურენტი ბრენდების საქმიანობაზე:

“გახსოვდეს, სწორი არხებითა და სწორად შერჩეული კონტენტით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ”.

ყველა დამსაქმებელს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, რაც დამოკიდებულია მათ მიზნებსა თუ გუნდის სიდიდეზე. ზოგიერთ მათგანს ვებგვერდზე მხოლოდ პოსტების შექმნა და განთავსება სურს, ზოგს კი, სტრატეგიის შემუშავებიდან, მის შესრულებამდე, მთელი ჯაჭვის გავლის სურვილი აქვს.. შესაბამისად, განსხვავებულია ანაზღაურებაც. სამუშაოს მოცულობა კონტენტმენეჯერს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად იმუშაოს სხვადასხვა პროექტზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე. მრავალფეროვნება და მუდმივი განვითარება ამ პოზიციის ხიბლია. 

“მეც სწორედ ამან მომიყვანა ამ სფეროში. წერა მიყვარდა, ყოველთვის ვწერდი და დიდ დროს ვატარებდი ინტერნეტში. კონტენტს ვქმნიდი და დღესაც ვქმნი ვებგვერდისთვის, სოციალური არხებისთვის, მობილური აპლიკაციებისთვის. ვმუშაობ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ძალიან დიდიხნის წინ  მიხვდა, რომ „კონტენტი  მეფეა“ და მისი დაგეგმისთვის, შენახვისთვისა და გამოყენებისთვის რამდენიმე პლატფორმაა საჭირო.

ამიტომ, სწავლა და ძიება ჩემი საქმიანობის ძირითად ნაწილად იქცა” – ამბობს თამარ ფოლადიშვილი  და აღნიშნავს, რომ ისეთი მზარდი და განვითარებადი სფერო, როგორიც კონტენტმენეჯმენტია არ ცნობს წესებს და შესაძლოა, ყველაფერი, რაზეც ამ სტატიაში ისაუბრა, ხვალვე შეიცვალოს.

COVID-19-ის პერიოდი კარგი ლაკმუსი გამოდგა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის. ინტერნეტი აღმოჩნდა ის „უსაფრთხო“ ადგილი, სადაც თითქმის ყველა სფერომ განაგრძო საქმიანობა. 

“ამიტომ, მჯერა, კონტენტმენეჯმენტის ცოდნა არათუ ზედმეტი, არამედ აუცილებელიცაა… და ვინ იცი, იქნებ მომავალში სწორედ ეს პროფესია აღმოჩნდეს ის საქმიანობა, რომელიც უამრავ ახალ კარს გაგვიღებს. “

მასალების გადაბეჭდვის წესი