ახალი ამბები

ხმების დაცვა არავისგან სჭირდებათ, საზოგადოებას სჭირდება მათგან დაცვა – მდინარაძე ოპოზიციაზე

19 აგვისტო, 2020 •
ხმების დაცვა არავისგან სჭირდებათ, საზოგადოებას სჭირდება მათგან დაცვა – მდინარაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დეკლარაციაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს „ნიუსის შექმნის მცდელობაა“ და „ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა“.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის და ქვეყნის ინტერესები „დემოკრატიულობასთან და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა“.

მისი განცხადებით, პანდემიისგან მიუხეავად, საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იქნება, რათა „მათ დადონ ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნა და საკუთარი თვალით ნახონ, როგორი ხარისხით, როგორი გამჭვირვალობით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები“.

მდინარაძის თქმით, „არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით“. მის ამ კომენტარებს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

მდინარაძე საუბრობდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის ინიცირებულ დეკლარაციაზე, რომელიც 18 აგვისტოს მიიღეს და რომლის ფარგლებშიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვაზე შეთანხმდა.

როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება.

ვრცლად:

რა წერია ოპოზიციის ერთობლივ დეკლარაციაში- სრული ტექსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი