ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიციის წევრი ქართულ პროექტში ჩართვას ცდილობდა – ცხინვალი

19 აგვისტო, 2020 • 1139
ოპოზიციის წევრი ქართულ პროექტში ჩართვას ცდილობდა – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ირწმუნება, რომ თბილისი ცდილობს, მათი მოქალაქეები ძვირადღირებულ პროექტებში ჩააბას.

უწყების განცხადების შესაბამისად, მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეთნიკურად ოსი საქართველოს მოქალაქეები კავშირზე გავიდნენ ცხინვალში, ოპოზიციური პარტია “სახალხო პარტიის” წევრთან, ტაირა გაგლოევასთან. ტაირა გაგლოევა ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის კრიტიკით გამოირჩევა. ამასთან, ის აცხადებს, რომ აღნიშნული პარტიის წევრად არ ირიცხება.

ცხინვალის ცნობით, გაგლოევა საქართველოს მოქალაქეებს უნდა დახმარებოდა ქართული გეგმების ლობირებაში.

“სამხრეთ ოსეთში 120 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მინიჰიდროელექტროსადგური და მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო უნდა აეშენებინათ”.

აქვე წერია, რომ პროექტის პოტენციური სპონსორები “ქართუ ბანკი” და “თანაინვესტირების ფონდი” უნდა ყოფილიყვნენ.

“ამ გეგმის უკან საქართველოს სპეცსამსახურები დგანან”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ნებით თუ უნებლიეთ, აღნიშნულ თამაშში სამხრეთ ოსეთის მხარეც აღმოჩნდა ჩართული, რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიის – შიდაპოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილის- აქტივისტის სახით.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ამჟამად ვერ ექნება რაიმე სახის ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის ხელისუფლებაც არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე თავდასხმასთან დაკავშირებით და უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერისგან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი