ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2016-ში ომი თუ გაგრძელდებოდა, ყარაბაღის დამოუკიდებლობას ვცნობდით – სარქისიანი

19 აგვისტო, 2020 • 904
2016-ში ომი თუ გაგრძელდებოდა, ყარაბაღის დამოუკიდებლობას ვცნობდით – სარქისიანი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გადადგა, აცხადებს, რომ 2016 წელს ყარაბაღის 4-დღიანი ომი რომ გაგრძელებულიყო, სომხეთი ოფიციალურად აღიარებდა ყარაბაღის დამოუკიდებლობას.

„სამხედრო ოპერაციები რომ გაგრძელებულიყო, ჩვენ ნამდვილად ვცნობდით მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, რათა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი პირობა, რაც ჩვენს ხალხს მივეცით. პირობა, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები არის მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი, და სომხეთი გამოიყენებს ყველაფერს მთიანი ყარაბაღის ხალხის დასაცავად“, – განაცხადა სერჟ საქრისიანმა 19 აგვისტოს პრესკონფერეციაზე. ეს მისი თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია იყო.

„მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, სომხეთის რესპუბლიკა იძულებული იქნება, რომ აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მან.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ყარაბაღში 2016 წელს მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წლის ივლისშიც, როდესაც სამხედრო მოქმედებებმა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაინაცვლა. ამჟამად ვითარება შედარებით სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი