ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზებმა უნდა იცოდნენ სიმართლე” – მინისტრი ხაინდრავას ფილმის საჭიროებაზე

19 აგვისტო, 2020 •
“აფხაზებმა უნდა იცოდნენ სიმართლე” – მინისტრი ხაინდრავას ფილმის საჭიროებაზე

იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნეტგაზეთთან საუბარში უარყოფს, რომ რეჟისორ გოგა ხაინდრავას 100 ათას ლარს ურიცხავენ აფხაზეთის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის, აცხადებს, რომ “აფხაზეთზე ფილმის გადაღება აუცილებელია”. 

“აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რა ხდებოდა  მუჰაჯირობის დროს”, – ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. 

ამავე დროს, ნეტგაზეთთან საუბრისას ხაინდრავას კომპანიის დაფინანსებას კატეგორიულად უარყოფს ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი, რომლის სახელითაც ბრძანება 13 აგვისტოს გაიცა. 

როლანდ ნიჟარაძის თქმით,  დაფინანსება ვრცელი პროცესია და ყველა ეტაპი გავლილი ჯერ არ არის. 

“დაფინანსება ადვილად არ ხდება, უამრავი პროცედურაა გასავლელი- კომისია,  შესყიდვების სააგენტო. ფილმის გადაღება რომ მარტივი პროცესი იყოს, ყველა გადაიღებდა”,-ამბობს ნიჟარაძე. 

ფილმის გადასაღებად გოგა ხაინდრავას კომპანიის, სახელწოდებით “კინო და ღვინო”, 100 000 ლარით დაფინანსებას სამინისტროს მიერ “რადიო თავისუფლების” მიერ მოპოვებული ბრძანება ადასტურებს, რომელსაც ხელს აწერენ გოგა ხაინდრავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კულტურისა და განათლების მინისტრი, როლანდ ნიჟარაძე. 

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ  დოკუმენტური ფილმის, “მუჰაჯირების”- ციკლიდან “სიმართლე აფხაზეთზე”  გადაღებას, გამარტივებული შესყიდვით დაფინანსდა. 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს  მიმართა და დოკუმენტაციას თან დაურთო ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც.

კომენტარისთვის ნეტგაზეთმა გოგა ხაინდრავასაც არაერთხელ მიმართა, თუმცა, კინორეჟისორი კომენტარისგან თავს იკავებს.

ჰეროკრატია, როგორც “მეხსიერების აღდგენა” და ზეგავლენის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი