ახალი ამბები

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ გაიხსნება

19 აგვისტო, 2020 • 1266
21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ გაიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიის და სოფელ ლენჯერის გარდა, ყველა სოფელი გაიხსნება.

საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, აღნიშნულ ორ სოფელში ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება, მათ გახსნასთან დაკავშირებით კი მთავრობა გადაწყვეტილებას არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 3 509 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის ტესტირება. ტესტირებები ასევე ჩუტარდა მესტიის გარეთ მყოფ 1 246 ადამიანს, ვისაც მუნიციპალიტეტში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გამოკვლეული პირებიდან კი კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ლენჯერში გამოვლინდა.

“სრულდება კარანტინის მეთორმეტე დღე, ამიტომ დღეს მოხდება მასიური ტესტირება და გაიტესტება 700-მდე ადამიანი, ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფება. თანდათან დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკაც”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესტიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა და ამ ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის შესაძლებელი, მესტიის დატოვების მსურველებს კი 12- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მესტიაში Covid-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი