ახალი ამბები

გამიხარდა, რომ ენმ-მ საბურთალოში ხუთიანით კანდიდატურა არ დააყენა — ჩარკვიანი

18 აგვისტო, 2020 • 1112
გამიხარდა, რომ ენმ-მ საბურთალოში ხუთიანით კანდიდატურა არ დააყენა — ჩარკვიანი

საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის თქმით, გაუხარდა, რომ  “ნაციონალურმა მოძრაობმა” საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენა.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, გაუხარდა ისიც, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ოლქში ოპოზიციის რომელიმე  კანდიდატს მკაფიო მხარდაჭერა არ გამოუცხადა.

“გაერთიანებულ ოპოზიციას, ვინც ნათელაშვილის ოფისში იკრიბებიან, იანვრის თვეში გავემიჯნე და არც ველოდებოდი, რომ ისინი დამასახელებდნენ. მე მათ ვუთხარი, რომც დამასახელოთ, არ მინდა-თქო. დღეს საბურთალოს ოლქში დაასახელეს ირაკლი ოქრუაშვილი და, გულწრფელად რომ გითხრათ, ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საბურთალოს რაიონში არ დააყენა ხუთიანით კანდიდატურა, მე ძალიან გამიხარდა”, — განაცხადა TV პირველის ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციას გამარჯება რომ უნდოდეს, საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას არ დააყენებდა.

“თუკი იმ ოფისში გაერთიანებულ ოპოზიციას გამარჯვება სურს, თბილისში, საბურთალოზე [აყენებ] კაცს, რომელიც გორიდან ვერ აყენებს გორში კანდიდატურას? ირაკლი ოქრუაშვილთან შედარებით, რა თქმა უნდა, ბადრი ჯაფარიძეს აქვს შანსი. ოპოზიცია რომ ხარ და თან გაერთიანებულს ირქმევ, როგორ შეიძლება ასეთი სუსტი კანდიდატი [დააყენო]”? — განაცხადა ჩარკვიანმა.

დღეს, 18 აგვისტოს,  “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ნაწილი თბილისის ორი ოლქში — დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდა.

დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. საბურთალოს ოლქში კი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარს მკაფიოდ უჭერენ, ხოლო საბურთალოს ოლქში, სადაც ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურაზე შეთანხმდა, “უბრალოდ, კანდიდატს არ აყენებენ”.

მელიას განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საბურთალოზე ოპოზიციას არაერთი ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი