ახალი ამბები

ენმ დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ჯაფარიძეს უჭერს, საბურთალოზე კანდიდატს არ ვაყენებთ — მელია

18 აგვისტო, 2020 • 1692
ენმ დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ჯაფარიძეს უჭერს, საბურთალოზე  კანდიდატს არ ვაყენებთ — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარს მკაფიოდ უჭერენ, ხოლო საბურთალოს ოლქში, სადაც ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურაზე შეთანხმდა, “უბრალოდ, კანდიდატს არ აყენებენ”.

მელიას განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საბურთალოზე ოპოზიციას არაერთი ღირსეული კანდიდატი ჰყავს:

“ნაციონალური მოძრაობის” სახელით შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, როგორც საერთო მაჟორიტარ კანდიდატს, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს,  აქ “ნაციონალური მოძრაობა”  და მისი გუნდი არ აყენებს კანდიდატს, ვინაიდან იქ არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატია წარმოდგენილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ დავაყენოთ კანდიდატი საბურთალოს რაიონში”, — განუცხადა “მთავარ არხს” მელიამ.

როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, საბურთალოზე მაჟორიტარად კენჭს თაკო ჩარკვიანიც იყრის, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ოპოზიციური გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შედიოდა.

დღეს, 18 აგვისტოს,  “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ნაწილი თბილისის ორი ოლქში — დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდა.

დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. საბურთალოს ოლქში კი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით,  დღევანდელი შეხვედრაზე ასევევე შეთანხმდნენ საერთო დეკლარაციაზე,  რომლის მიხედვითაც პარტიები ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი