ახალი ამბები

საზმაუს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

18 აგვისტო, 2020 • 1432
საზმაუს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ზაზა აბაშიძე იუწყება.

მანამდე, დირექტორის თანამდებობა დატოვა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2017 წლის იანვრიდან იკავებდა, თინათინ ბერძენიშვილი კი მისი მოადგილე იყო.

როგორც ზაზა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, მაღლაფერიძემ საბჭოს წევრებს კვლავ დაუდასტურა, რომ მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეპუტაციული ზიანის აცილება იყო” წინასაარჩევნო პერიოდში.

“მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ, სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ 18 აგვისტოს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

მაღლაფერიძე არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი წინასაარჩევნოდ არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მისი დირექტორობის პერიოდში.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მაღლაფერიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოსახლეობას სწორ ინფორმაციას მიაწვდიდა და “ღირსეულად გაივლიდა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ვასილ მაღლაფერიძე საზმაუს დირექტორობიდან გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი