ახალი ამბები

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

15 აგვისტო, 2020 • 1066
ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო-კონფერენციის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.

“ევროკავშირი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და შესაბამისად მასრ არ აღიარებს შედეგებს, როგორც ეს წარმოდგენილია ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ამრიგად, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას წარუდგენს წინადადებას, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, არსებული  კრიზისის მოგვარების მიზნით, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ფართო საზოგადოებას შორის დიალოგი შედგეს”, — ნათქვამია პრესრელიზში.

მინისტრები კვლავ მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა და არაპროპორციული ზომების გამოყენება. ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფელბისგან უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავასუფლებას მოელის.

“არაადამიანური მოპყრობისა და დაკავების შოკისმომგვრელი ცნობების გათვალისწინებით, ევროკავშირი ელოდება საფუძვლიან და გამჭვირვალე გამოძიებას ძალის ბოროტად გამოყენების ყველა სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, რათა შესაბამისმა პირებმა პასუხი აგონ”, — ნათქვამია პრესრელიზში.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ძალადობის, რეპრესიებისა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ასევე, მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ჟურნალისტების, რომლებსაც რთულ პირობებში მუშაობა უწევთ და  დაგმეს ჟურნალისტებზე, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებზე, თავდასხმები და დაკავებები.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირსა და ბელარუსის ურთიერთობების განხილვას აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე დაუბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი