ხობში სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ხობის სოფელ შუა ქვალონში მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.