ახალი ამბები

კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

14 აგვისტო, 2020 • 2859
კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში.

ახალი წესით:

  • უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.
  • იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა.
  • ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.
  • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
  • საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრებმა, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი