ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შამბა აცხადებს, რომ გალელებისთვის ბინადრობის მოწმობა შეურაცხმყოფელია

10 აგვისტო, 2020 •
შამბა აცხადებს, რომ გალელებისთვის ბინადრობის მოწმობა შეურაცხმყოფელია

აფხაზმა პოლიტიკოსმა და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნულმა მდივანმა, სერგეი შამბამ გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტიზაციის საკითხზე დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ ეხო კავკაზასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“დღესდღეობით, გალელებს მხოლოდ ბინადრობის უფლება აქვთ, რაც, ვფიქრობ, მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან მათი წინაპრები ამ მიწაზე ცხოვრობდნენ, ბევრი მათგანი ოდესღაც აფხაზი იყო. არ ვარ იმის მომხრე, რომ ამაში ვიქექოთ, რადგან ამ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყვნენ მათი წინაპრები, ამით კარგს ვერაფერს მივიღებთ და ვერც ვერასოდეს დავადგენთ ამას.

რასობრივი მიდგომა საერთოდ მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და, მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც ასეთი შერეული მოსახლეობაა, მსგავსი საუბრები და თემები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ჩემი აზრით, საჭიროა, აფხაზეთში მათი მოქალაქეობის საკითხში გავერკვიოთ”, – აცხადებს შამბა.

მისივე თქმით, ამ მხრივ შექმნილი მდგომარეობა რთულია, თუმცა მისი გადაჭრა საჭიროა.

“არ არის მარტივი სიტუაცია. მე მესმის გალის რაიონის მოსახლეობისთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭების საკითხისადმი დამოკიდებულება, რადგანაც ის ეფუძნება იმას, რომ ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ჩვენთან კი, ორმაგი მოქალაქეობა საქართველოსთან დაშვებული არ არის. სხვათა შორის, რუსეთთან ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმება, თუმცა აქ არსებობს სხვა შეთანხმებები და სხვა ურთიერთობები. საქართველოსთან კი არაფერია.

ჩაციკვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ვფიქრობ, არასწორია. ჩვენ ისინი აფხაზურ საზოგადოებაში უნდა შემოვიყვანოთ, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად ვაქციოთ, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, აფხაზეთის მოქალაქეებად იგრძნონ თავი და არა გარიყულებად. ასე ხომ “მეხუთე კოლონას” მივიღებთ და გვჭირდება ეს? ეს არასწორი მიდგომაა”.

ამასთან, შამბა აღნიშნულ ინტერვიუშიც და სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებშიც თბილისთან დიალოგის საჭიროებაზეც საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი