ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის დედის განცხადებაზე პროკრატურის გენინსპექციამ შემოწმება დაიწყო

13 აგვისტო, 2020 • 1223
ბაჩალიაშვილის დედის განცხადებაზე პროკრატურის გენინსპექციამ შემოწმება დაიწყო

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე შემოწმება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გახმიანებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას:

“საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ უწყებაში.

დღეს, 13 აგვისტოს, თეონა თამაზაშვილმა მედიაში განაცხადა, რომ პროკურორის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა ამბობს, რომ პროკურატურაში კითხვებს ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებითაც უსვამდნენ:

“მაბულინგებენ, რატოა რამიშვილი ჩვენი ადვოკატი თურმე, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად და ა.შ. […]” ,- ამბობს თეონა თამაზაშვილი.

თამაზაშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, თუ რას უკავშირებს ოჯახის გახშირებულ დაბარებას საგამოძიებო უწყებებში, რაზეც ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები ოჯახზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობენ:

“ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ გაგვტეხონ ფსიქოლოგიურად, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობის ვერსია”, – თქვა თამაზაშვილმა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვაც მოითხოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი