ახალი ამბები

პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა

13 აგვისტო, 2020 • 867
პროკურატურამ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუმარტეს, ამის მიზეზი ისაა, რომ გაგნიძის სამმა ადვოკატმა გაუთქმელობის ოქმზე ხელი არ მოაწერა და არც მტკიცებულებების გაცვლის ოქმი ჩაიბარა.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, საქმის მტკიცებულებები სახაზინო ადვოკატსა და თავად ბრალდებულს გადასცეს. მათივე თქმით, კანონი ავალდებულებდათ, რომ ბრალდებული დაცვის უფლების გარეშე  არ დარჩენილიყო.

“რამდენიმე ადვოკატმა გაუთქმელობის ოქმზე არ მოაწერა ხელი, შესაბამისად, მათ ვერ ჩაიბარეს მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება  არ დარღვეულიყო, მას დაენიშნა სახაზინო ადვოკატი, მას გადაეცა მტკიცებულებები და ასევე, თავად ბრალდებულს გადაეცა მტკიცებულებები. თავად ბრალდებული, ასევე, სახაზინო ადვოკატი და ასევე, ის ადვოკატები, რომლებიც გაგნიძეს იცავენ, მაგრამ გაუთქმელობაზე არ მოაწერეს ხელი, გაფრთხილებულები არიან სიტყვიერად და  წერილობით იმაზე, რომ მტკიცებულებების გასაჯაროება არ შეუძლიათ”, — აცხადებენ პროკურატურაში.

გაუთქმელობის ოქმს ხელი არ მოაწერა საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმაც. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ისევე, როგორც სხვა ადვოკატებმა, გაუთქმელობაზე გაფრთხილება გელხაურმაც მიიღო.  თუმცა, განსხვავებით გაგნიძის ადვოკატებისაგან, გელხაურმა მტკიცებულებების გაცვლის ოქმი ჩაიბარა.

12 აგვისტოს გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გააფრთხილა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების საწყის ეტაპზე საქმის მასალების გასაჯაროება შემდგომში ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებზე გავლენას ახდენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი