“საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება სომხეთში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება”, – განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე.
მისივე განცხადებით, შეზღუდვები მოიხსნება, ერთი ოჯახის წევრთა შეკრების შემთხვევაში, ღია სივრცეებში ნიღბების ტარების ვალდებულებაზე.
გარდა ამისა, სომხეთის ვიცე-პრემიერის თქმით, შეზღუდვები მოიხსნება მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის საკითხშიც.
“არ იქნება რაიმე შეზღუდვა, არც ხანგრძლივობაზე და არც შეკრებილთა რაოდენობაზე. სავალდებულო იქნება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური წესების დაცვა – პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია”.
გარკვეული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს.
ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 14 -დღიანი იზოლაციის ან კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემთხვევაში, სომხეთში შესვლის უფლება მიეცემათ.
დღეის, 13 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 229 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა კი 41 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 33 897 ადამიანი. 1047 – გარდაიცვალა.