ახალი ამბები

41% COVID-19-ის პანდემიაზე მთავრობის პასუხით ძალიან კმაყოფილია – IRI-ს კვლევა

12 აგვისტო, 2020 • 708
41% COVID-19-ის პანდემიაზე მთავრობის პასუხით ძალიან კმაყოფილია – IRI-ს კვლევა

IRI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 2020 წლის ივლისში ჩატარდა, გამოკითხულთა 41% საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ძალიან კმაყოფილია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 38% მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, 13%- მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო, 7 კი ძალიან უკმაყოფილოა. აღნიშნულ კითხვაზე “არ ვიცი” გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა უპასუხა.

რაც შეეხება ინსტიტუციების მიერ განხორციელებული ქმედებების ეფექტურობას,  პირველ ადგილს გამოკითხვის მიხედვით დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკავებს, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოკითხულთა 64%-მა შეაფასა. მეორე ადგილს ჯანდაცვის სამინისტრო იკავებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის აპარატი, საპატრიარქო და პარლამენტი მოსდევს.

IRI-ის კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი