ახალი ამბებიხელოვნება

ცენზურა?- არტისტი ამბობს, რომ ნამუშევარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან ჩამოხსნეს

12 აგვისტო, 2020 • 2613
ცენზურა?- არტისტი ამბობს, რომ ნამუშევარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან ჩამოხსნეს

არტისტი ანდრო დადიანი, რომელიც სხვადასხვა პერფომანსებითაა ცნობილი საზოგადოებისთვის, აცხადებს, რომ მისი ნამუშევარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საგამოფენო სივრციდან ჩამოხსნეს. დადიანი ამ ფაქტს ცენზურად აფასებს. 

როგორც დადიანი ყვება, ნამუშევარი , სახელწოდებით “შე ყლეო”,  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფესტივალის “ლიტერატურა სოლიდარობის” ფარგლებში უნდა გამოფენილიყო. 

არტისტის თქმით, ნამუშევრის გამოფენა ფესტივალის ორგანიზატორმა  თავად შესთავაზა, მოგვიანებით კი განუმარტა, რომ  ნამუშევარს უნივერსიტეტის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით ხსნიდნენ. “ორგანიზატორმა დამირეკა და მითხრა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლების მოთხოვნით ხსნიდა კედლიდან ნაქარგს.”

ანდრო დადიანი ნამუშევრის ჩამოხსნას “სიტყვების მიმართ მენტალურ მიუღებლობასა” და ცენზურას უკავშირებს:

 “იმავე კედლებში, სადაც ნამუშევარი ”ვაგინა მონოლოგები” იყო გამოფენილი,  აღარ შეიძლება კიდევ ამ ტიპის ცენზურა, აღარ შეიძლება ამდენი ხანი წრეზე სიარულიო”,- ამბობს ის. 

კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს ფესტივალის ორგანიზატორი, თაკო შუკაკიძე.   როგორც ის “ნეტგაზეთთან” საუბარში  აცხადებს, “პასუხი ყველაფერს  უნივერსიტეტმა უნდა გასცეს და ყველაფერი არტისტთან კომუნიკაციით უნდა გაირკვეს.”

“ნეტგაზეთი” უნივერსიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ კომენტარს მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ. 

ანდრო დადიანი ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა,  სტუდენტური თვითმმართველობიდან დაუკავშირდნენ და პოსტის წაშლა ან რედაქტირება მოსთხოვეს. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თვითმმართველობა ამ თემაზე “ნეტგაზეთთან” კომენტარს არ აკეთებს.


ავტორი: ნინი შველიძე

მთავარი ფოტო: ანდრო დადიანის ნამუშევარი, რომელიც არტისტის თქმით თეატრის და კინოს უნივერსიტეტის საგამოფენო სივრციდან ჩამოხსნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი