საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურს ექნება ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა.
აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4- ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება 2- ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძს შეურთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420- მეტრიანი ხიდი.
ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის 6.4- კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტარქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.
„ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო“ ,– წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.