ახალი ამბები

ევროკავშირი „ზომების მიღებით“ ემუქრება ბელარუსის ხელისუფლებას

12 აგვისტო, 2020 • 851
ევროკავშირი „ზომების მიღებით“ ემუქრება ბელარუსის ხელისუფლებას

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაათავისუფლოს დაკავებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ურთიერთობების „სიღრმისეული გადახედვით“ და „ზომების მიღებით“ იმუქრება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის სახელით აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ბელარუსელმა ხალხმა გამოავლინა დემოკრატიული ცვლილებების სურვილი, თუმცა არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის შეფასებით, „ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული და მიუღებელი ძალადობა, რამაც გამოიწვია მინიმუმ ერთი ადამიანის გარდაცვალება და მრავალი ადამიანის დაშავება. ათასობით ადამიანი დააკავეს, გაძლიერდა შეკრებების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებების შელახვის კამპანია“.

ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, „დაუყოვნებლად, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“.

„ამასთან, ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო ცნობები აჩვენებს, რომ საარჩევნო პროცესი არ აკმაყოფილებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოსგან მოსალოდნელ საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია ევროკავშირის ახალ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „2015 წელს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. მაგრამ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით პროგრესის გარეშე, ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ გაუარესდეს“.

„ამ ფონზე ჩვენ შევაფასებთ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად და მოვახდენთ ევროკავშირის ურთიერთობების სიღრმისეულ გადახედვას ბელარუსთან. ეს შეიძლება შეიცავდეს, მათ შორის, ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გამოვლენილ ძალადობაზე, გაუმართლებელ დაპატიმრებებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე“, – აცხადებს ევროკავშირი. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რა ზომები შეიძლება მიიღონ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დაიწყოს ნამდვილი და ინკლუზიური დიალოგი ფართო საზოგადოებასთან, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ძალადობა. ევროკავშირი გააგრძელებს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული, აყვავებული და სტაბილური ბელარუსის მხარდაჭერას“.

„ბელარუსის ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ევროკავშირი.


2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველი ადგილი მოქმედმა პრეზიდენმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაიკავა 80%-ით. ცესკოს თანახმად, მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.

სახელმწიფო ტელევიზიაში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრაციები დაიწყო, რასაც დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები მოჰყვა. ოფიციალურად დადასტურებულია ერთი ადამიანის დაღუპვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი