ახალი ამბები

რა მოხდა არაგვის ხიდზე – პროკურატურის ვიდეორეკონსტრუქცია შაქარაშვილის საქმეზე

11 აგვისტო, 2020 • 1370
რა მოხდა არაგვის ხიდზე – პროკურატურის ვიდეორეკონსტრუქცია შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ავრცელებს გამოძიების ვერსიით შექმნილ ვიდეორეკონსტრუქციას.

პროკურატურის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის მიხედვით, “ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილის 5-მა მგზავრმა ახალგაზრდა ფეხბურთელი არაგვის პირას ალყაში მოაქცია და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი მდინარე არაგვში ჩააგდეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა:

დღეს, 11 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი