ახალი ამბები

სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს – ბიურო ჯაფარიძეზე

11 აგვისტო, 2020 • 1161
სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს – ბიურო ჯაფარიძეზე

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ანგარიშებზე ყადაღის დადება მოხდა სასამართლოს  მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, უწყებაში ამბობენ, რომ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება არ უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას.

“აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2020 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება.

შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს”,-წერია განცხადებაში. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციითვე, მოვალეს, ამ შემთხვევაში კი ჯაფარიძეს, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა.

“ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე”,-აცხადებენ ბიუროში.

გუშინ, 10 აგვისტოს, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო მის ყველა ანგარიშს სახელმწიფომ ყადაღა დაადო. ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღებას არჩევნებში მონაწილეობას უკავშირებს:

„აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი