BBC იუწყება, რომ სლოვაკეთის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს, რაც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.
როგორც BBC წერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, აღნიშნული სამი პირის საქმიანობა „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა“.
„გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალური საკონსულოს გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენებას, რაც კავშირში იყო სერიოზულ დანაშაულთან, რაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.
Reuters-ის ცნობით, პრეს-სპიკერს დანაშაულის დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა მისი აღწერა ჰგავს გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეს.
BBC-იც და Reuters-იც სლოვაკურ მედიასა და საგამოძიებო მედიასაშუალება Bellingcat-ზე დაყრნდობით იუწყებიან, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი, ევროკავშირის ტერიტორიაზე სლოვაკეთის ვიზის მეშვეობით გადაადგილდებოდა.
Bellingcat-ის თანახმად, ვადიმ კ-ს თანამზრახველი, ვინც მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდა, არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც რომან დავიდოვის სახელით გადაადგილდება და რომელსაც ვიზა სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალურ საკონსულოში მისცეს.
Bellingcat-ის ინფორმაციით, „დავიდოვი“ კავშირშია თურქეთში ჩეჩნეთის ომის კიდევ ერთი მონაწილის მკვლელობასთან.
BBC-ს თანახმად, რუსეთი აცხადებს, რომ უპასუხებენ სლოვაკეთის ამ ნაბიჯს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურა მის მკვლელობაში რუსეთს ადანაშაულებს.
ამ საქმის გამო 2019 წლის დეკემბერში გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს, რასაც რუსეთმა ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პირი, ინიციალებით ვადიმ კ./ვადიმ ს..
ბრალდება
გერმანიის ფედერალური პროკურორის ოფისი ბრალდებას ასე აღწერს:
„2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს მისცეს თორნიკე ქ-ს [იგივე ზელიმხან ხანგოშვილი — რედ.] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება.
2016 წლის ბოლოდან ის გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა. მკვლელობას წინ უძღოდა დაზარალებულის მტრული დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ.
თორნიკე ქ. იბრძოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში 2000-04 წლებში, როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. შემდეგ, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის სახელით, მან შეკრიბა მოხალისეთა რაზმი სამხრეთ ოსეთის დასაცავად, თუმცა არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე.
ასევე, რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევდა თორნიკე ქ-ს ტერორისტად და ტერორისტული ორგანიზაციის, „კავკასიური ემირატის“ წევრობაში სდებდა ბრალს.
ბრალდებული დათანხმდა [რუსეთის] მთავრობის შეთავაზებას მკვლელობაზე. მას ან ფინანსური ჯილდოს იმედი ჰქონდა, ან იზიარებდა კლიენტების მოტივს პოლიტიკური ოპონენტის მოკვლის შესახებ და სურდა შური ეძია მოკლულზე რუსეთში კონფლიქტებში მონაწილეობისთვის.
მიღებული ბრძანების შესასრულებლად ვადიმ კ. 2019 წლის 17 აგვისტოს გაფრინდა მოსკოვიდან პარიზში და იქიდან 20 აგვისტოს ვარშავაზი გააემგზავრა. 2019 წლის 22 აგვისტოს დატოვა სასტუმრო და აუხსნელი გზით გაემგზავრა ბერლინში. შენგენის ზონაში შესასვლელად ვადიმ კ-მ გამოიყენა ვადიმ ს-ს პასპორტი, რომელიც იმიგრაციის სამსახურმა მხოლოდ 2019 წლის 18 ივლისს ბრიანსკში (რუსეთი) გასცა.
ვადიმ .-მ მკვლელობის ბრძანება 2019 წლის 23 აგვისტოს, შუადღისას შეასრულა. ბერლინის პარკ Kleiner Tiergarten-ში იგი თორნიკე ქ-ს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა. როცა დაუცველ მსხვერპლთან ახლოს მივიდა, ისროლა „გლოკ 26“-ის პისტოლედიან. მსხვერპლი ძირს დაეცა. დაეცა ბრალდებულიც, თუმცა უმალ მივიდა მსხვერპლთან და კიდევ ორჯერ ესროლა თავში. თორნიკე ქ. თავში ორი გასროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მალევე დანაშაულის ადგილზე ბრალდებული დროებით დააკავეს. 2019 წლის 24 აგვისტომდე იყო წინასწარ დაკავებაში. თავდაპირველად, დაპატიმრების ორდერით Tiergarten საოლქო სასამართლოდან, 2020 წლის 11 თებერვალს კი, ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ორდერით“, — ვკითხულობთ პროკურატურის პრეს-რელიზში.
ვრცლად ხანგოშვილის საქმეზე: